2021 წელს სააგენტომ შემდეგი საქმიანობა გასწია:
- განხილულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის 24 პროექტი, რომლებიც ენერგეტიკის სფეროს მიეკუთვნება;
- 2021 წლის განმავლობაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ სხვადასხვა შეხვედრა გამართა, მათ შორის ტექნოლოგიების სფეროს პოტენციურ ინვესტორთან, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მენეჯმენტთან, პოტენციურ ამერიკელ ინვესტორებთან, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Proparco- ს, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია PMCG-ს, ქართულ საკონსულტაციო კომპანია „რეფორმების ლაბორატორიის“, აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამისა და მსოფლიო ბანკის (WB) წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მოეწყო შიდაუწყებრივი შეხვედრები, რომელთა მთავარი თემა საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმდინარე პროექტები და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები იყო;
- 2021 წლის მაისში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ ამერიკელ ინვესტორებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ისაუბრეს ინვესტიციების სხვადასხვა მოდალობასა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ. დაინტერესებულმა მხარეებმა ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობ და კონკრეტულ პროექტებზე მორგების მექანიზმების, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში საქართველოს გამოცდილებისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ;
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ შეხვედრა გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოს ოფისთან. შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს სააგენტოს დაგროვებული გამოცდილების შედეგად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების საკითხები, ასევე ისაუბრეს, საქართველოში არსებული ინსტიტუციური და სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობებზე. EBRD-ის საქართველოს ოფისისა და PPP სააგენტოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს შიდაუწყებრივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების მექანიზმების შესაძლო იმპლემენტაცის გზებზეც.
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://ppp.gov.ge/app/uploads/2022/01/2021-Report-for-web-1.pdf