თბილისში განახლებადი ენერგიის შესახებ სამიტი გაიმართა

2019 წლის 25-26 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, USAID ენერგეტიკის პროგრამის ეგიდით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა განახლებადი ენერგიის შესახებ სამიტი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული პირები, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები და განახლებადი ენერგიის დეველოპერები/ინვესტორები ესწრებოდნენ.
სამიტის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის პოტენციალი, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების შესაძლებლობები, იმსჯელეს მზისა და ქარის ენერგიის ახალ ტექნოლოგიებზე, კონკურენტუნარიან ბაზარზე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის საკითხებზე და ა.შ. დელეგატებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ასევე განიხილეს მოსაზრებები იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც არსებობს რეგიონში განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით.
სამიტზე მიწვეული იყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია მოწონელიძე, რომელიც მოხსენებით წარდგა აუდიტორიის წინაშე. მან ხაზი გაუსვა განახლებადი ენერგიის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშემწყობ სტრუქტურულ რეფორმებზე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სისტემის ჩამოყალიბების მაგალითზე, ასევე დეტალურად ახსნა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების ეტაპები, პროცედურული საკითხები და მეთოდოლოგია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ განიხილა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინიცირებული ოთხი პროექტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის სფეროს მიეკუთვნება. სააგენტომ მათზე მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები და მოსაზრებები. აღნიშნული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს დაახლოებით $ 340 მლნ აშშ დოლარს.
პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” მიერ მომზადებული სიუჟეტი სამიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch…