თბილისში ინვესტორთა გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს USAID-ის ენერგეტიკის პროგრამამ „განახლებადი ენერგიების შესახებ ინვესტორთა ინტერაქტიული გზამკვლევის“ ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. სახელმძღვანელო შეიქმნა განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირების ხელშეწყობის მიზნით და წარმოადგენს პირველ საჯარო დოკუმენტს, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს აცნობს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების საფუძველზე არსებულ ყველა საჭირო ნაბიჯსა და პროცედურას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე – ნატალია მოწონელიძე და სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი – ლევან ბატიაშვილი. აღსანიშნავია, რომ სააგენტო აქტიურად იყო ჩართული „განახლებადი ენერგიების შესახებ ინვესტორთა ინტერაქტიული გზამკვლევის“ შემუშავების პროცესში. ნატალია მოწონელიძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნაში ჩართულ ყველა პირს და ხაზი გაუსვა დოკუმენტის მნიშვნელობას ინვესტორებისა და დეველოპერებისათვის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტრუმენტის გაცნობისა და მათი დაინტერესების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზეა. მისი ძირითადი დანიშნულებაა დაეხმაროს ქართველ და უცხოელ კერძო ინვესტორებს განახლებადი ენერგიების პროექტების სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად წარმართვაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია ქარის, მზის, ბიოსაწვავის ენერგიაზე მომუშავე სადგურებისათვის და მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის განხორციელების თითოეული საფეხურის აღწერა, მოთხოვნები, ვადები, კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ვალდებულებები და ფასები.
„განახლებადი ენერგიების შესახებ ინვესტორთა ინტერაქტიული გზამკვლევის“ ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://vre.ge/ka