სააგენტოს წარმომადგენლები საჯარო და კერძო თანამშრომლობის კვირეულში მონაწილეობენ

2021 წლის 6 დეკემბერს, სტამბოლში, თურქეთში გაიხსნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) რიგით მეექვსე კვირეული, რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ნატალია მოწონელიძე და სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი – ლევან ბატიაშვილი. კვირეულის პროგრამა მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ მაგალითებს, დისკუსიებს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა პრეზენტაციებს, ასევე თურქეთში განხორციელებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების (როგორებიცაა: „ევრაზიის გვირაბი“, „მესამე ხიდი“, „სტამბოლის აეროპორტი“, სამედიცინო დაწესებულებები) ადგილზე მონახულებას.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის კვირეულის ორგანიზატორებს წარმოადგენენ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK), სტამბოლის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ცენტრი (Istanbul Public-Private Partnership Center of Excellence), ასევე IFC, EBRD, IsDB და სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტი.
2021 წლის კვირეულის მთავარი თემაა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის გაუმჯობესება“. ხუთდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები 30 ქვეყნიდან. კონფერენციის დროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროს გამოჩენილმა პრაქტიკოსებმა, აკადემიური წრის წევრებმა და ექსპერტებმა მოხსენებები გააკეთეს მთავარი თემის საკითხებზე, რომელთა შორისაა: ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასების მეთოდის წამყვანი როლი; მდგრადი ინფრასტრუქტურის აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში; პროექტების განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტრუმენტით – შესყიდვის პროცესის წარმატებული მაგალითები; საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების ფაზების მონიტორინგი; აეროპორტის, ტრანსპორტის, სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტების მაგალითების ჩვენება; საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცესის დახვეწა; საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმის მომავალი ინფრასტრუქტურის სექტორში და ა.შ. გარდა ამისა, დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოეჩინათ საჯარო და კერძო თანამშრომლობის მდგომარეობა საკუთარ ქვეყნებში და ემსჯელათ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მექანიზმები, საჯარო და კერძო თანამშრომლობის უკეთესი ჩარჩოს შექმნა, ასევე საჯარო და კერძო თანამშრომლობის მსხვილი პროექტებისთვის საყოველთაო სტანდარტების შემუშავება.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გააკეთეს და ისაუბრეს საქართველოს გამოცდილებაზე შემდეგი მიმართულებებით: საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცესი, მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო, საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და სხვა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში პოტენციური ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას. სააგენტოს წარმომადგენლებს ასევე საშუალება ჰქონდათ თავადაც გაცნობოდნენ სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების წარმატებით განხორციელების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და სააგენტოს უფროსმა ანალიტიკოსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო თანამშრომლობის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს, რომელთა დროსაც განიხილეს საკუთარი გამოცდილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს “საჯარო და კერძო თანამშრომლობის მხარდაჭერის სააგენტოს” დირექტორი, კოტ დიუარის რესპუბლიკის “საჯარო და კერძო თანამშრომლობის ეროვნული მმართველი კომიტეტის” პრეზიდენტი, “ისლამური განვითარების ბანკის” საჯარო და კერძო თანამშრომლობის განყოფილების პორტფოლიო მენეჯერი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მოეწყო, ასევე, პოტენციურ ინვესტორებთანაც. ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როგორებიცაა: Risen Energy Co., Siemens Healthineers, CivTra Consulting Pty და სხვები, ქართულმა მხარემ გააცნო საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საკანონმდებლო ჩარჩო, სახელმწიფოს მხრიდან არსებული მხარდაჭერის მექანიზმები და სხვადასხვა სექტორში არსებული პოტენციალი.