სააგენტოს უფროსმა ანალიტიკოსმა კომპანია EDF-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

17 ივნისს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ შეხვედრა გამართა საერთაშორისო კომპანია EDF-ის დსთ-ს რეგიონის ხელმძღვანელთან Paganon Laurent-თან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Experto-ს ხელმძღვანელი Ludovic Girod და თათია ქართველიშვილი – Experto-ს უფროსი ბიზნესკონსულტანტი. ფრანგული კომპანია EDF დაინტერესებულია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მსხვილ პროექტებში ინვესტირებით.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსმა ანალიტიკოსმა, ლევან ბატიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების პროცესი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის კრიტერიუმები, პროექტის შემუშავებისა და განხორციელების კანონით განსაზღვრული ფაზები, კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის სქემები და ა.შ. სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი სტუმრებს ასევე ესაუბრა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს როლსა და კომპეტენციის ფარგლებზე. სტუმრებს გადაეცათ ბროშურა, რომელშიც თვალსაჩინოდაა გადმოცემული და განმარტებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები.
აღსანიშნავია, რომ EDF წარმოადგენს მსხვილ საერთაშორისო კომპანიას, რომლის გარკვეულ ნაწილსაც საფრანგეთის მთავრობა ფლობს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებას, ელექტროსადგურის დიზაინს, მშენებლობასა და დემონტაჟს, ასევე კომპანია ახდენს ელექტროენერგიის გენერაციას სხვადასხვა წყაროდან, როგორიცაა მზე, ქარი, ჰიდრო, ბირთვული ენერგია და სხვა. 2020 წლის რეიტინგის თანახმად, შემოსავლების მიხედვით (85 მილიარდი ევრო) მსოფლიოში მეორე ენერგოკომპანიად დასახელდა.