სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ საინვესტიციო გარემოს შეფასებაში მიიღო მონაწილეობა

დღეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ეწვივნენ საკონსულტაციო კომპანია Valians International-ის წარმომადგენლები, რომლებიც ევრაზიის რეგიონის 11 ქვეყანაში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ატარებენ ინვესტიციების გამჭვირვალობის შეფასებას.
ინტერვიუს დროს, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, სედრიკ ფრომონტმა და პროექტის მენეჯერმა, კაროლინა პისარეკმა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან ბატიაშვილს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: საინვესტიციო პოლიტიკა, საკანონმდებლო ჩარჩო, კერძო საკუთრების რეგულაცია, საინვესტიციო პროცესის გამჭვირვალობა, საინვესტიციო პროექტების მონაცემთა ბაზა და მისი ხელმისაწვდომობა. შეფასების კითხვარი ასევე მოიცავდა მხარდაჭერის მექანიზმებსა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილისგან მოისმინეს რეკომენდაციები საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ შეფასება ტარდება USAID-ის INVEST მექანიზმის ფარგლებში, რომლის მიზანია შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის მიზნით.
