სააგენტოს თავმჯდომარემ ანაკლიის პროექტში ინვესტორის შესარჩევი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

დღეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე – ნატალია მოწონელიძე, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაესწრო „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების (BOO) შესახებ“ პროექტში ინვესტორის (კონცესიონერის) შერჩევის მიზნით შექმნილი შესარჩევი კომისიის სხდომას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე, კომისიის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. სამუშაო ჯგუფი და შესარჩევი კომისია, საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით, შემოსულ განაცხადებს ერთი თვიდან ორ თვემდე პერიოდში (დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე) შეაფასებენ. განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკური, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც, როგორც დაგეგმილია, სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო 49 პროცენტი იქნება კერძო პარტნიორის მფლობელობაში.
