სააგენტოს თავმჯდომარე PPP პირველ საინვესტიციო ფორუმს დაესწრო

2019 წლის 30 ოქტომბრიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ნურ-სულთანში, ყაზახეთის ეკონომიკის ეროვნული სამინისტროსა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ცენტრის ეგიდით, აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პირველი საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ყაზახეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების განმავლობაში, დელეგატებმა განიხილეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების აქტუალური საკითხები, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და პროექტების ერთობლივად დაგეგმვის შესაძლებლობები, ფასის ხარისხთან თანაფარდობის ინსტრუმენტის გამოყენება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. გარდა ამისა, გაიმართა თემატური შეხვედრები რეგიონში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში არსებული ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
საქართველოდან ფორუმზე მიწვეული იყო სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტოს თავმჯდომარე – ალექსანდრე რევია. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტომ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელშიც შეთანხმების მხარეებს ასევე წარმოადგენენ ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოები. მემორანდუმის მიზანია საჯარო და კერძო პარტნიორობის მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიონალიზმის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება.
აღსანიშნავია, რომ, ქართული მხარის ინიციატივით, მოეწყო რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც, მათ შორის, ყაზახეთის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელთან – ტალგატ მატაიევთან და ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების საჯარო და კერძო პარტნიორობის ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. გარდა ამისა, სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის, კორეის განვითარების ინსტიტუტის, ნიდერლანდების ინსფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მართვის სამინისტროს, საკონსულტაციო კომპანიების Ernst & Young-ის, 4IP Group-ისა და PricewaterhouseCoopers-ის, ტრანსნაციონალური კომპანიის Veolia-სა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს, მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატის გამოყენებით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარე, ალექსანდრე რევია, მოხსენებით წარსდგა სესიაზე, რომელიც მიეძღვნა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით. სპეციალურად ფორუმისათვის მომზადებულ პრეზენტაციაში, მან აქცენტები გააკეთა საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშემწყობ სტრუქტურულ რეფორმებზე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სისტემის ჩამოყალიბების მაგალითზე და დეტალურად განმარტა საქართველოში PPP პროექტების პროცედურული საკითხები და მეთოდოლოგია. მან ასევე ისაუბრა ე.წ. ადამიანზე ორიენტირებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვისა და სააგენტოს მიერ განხილული პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. ის წარმოადგენს ცენტრალურ საჯარო უწყებას, რომელიც კოორდინაციას უწევს და მხარს უჭერს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. სააგენტოს ფუნქციაა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი შეფასება და რეკომენდაციების მომზადება, რომელთა საფუძველზე, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის გაგრძელების ან შემოთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმის შესახებ. დღემდე, სააგენტომ განიხილა 16 პროექტი. აქედან უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინიცირებული იყო ოთხი პროექტი, რომლებზეც მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები ან, რამდენიმე შემთხვევაში, დაუბრუნდა წარმდგენ ორგანიზაციას შენიშვნებით. აღნიშნული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს დაახლოებით $ 340 მლნ აშშ დოლარს.
შეგახსენებთ, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო 2019 წლის მარტიდან ამოქმედდა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ 2018 წლის 4 მაისის საქართველოს კანონის საფუძველზე.