სააგენტოს ორგანიზებით SOURCE სისტემის დანერგვის შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით, „მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდის“ (Sustainable Infrastructure Foundation) ჟენევაში მდებარე სათავო ოფისმა SOURCE სისტემის შესახებ მაღალი დონის ონლაინშეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საფინანსო-ანალიტიკური სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
შეხვედრის დროს დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიზნების შესახებ და გაეცნენ სისტემის დანერგვის დეტალურ სამუშაო გეგმასაც. „მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა – კრისტოფ დოსარპმა და ინტეგრაციის ხელმძღვანელმა – პედრო ნიკოლაუმ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს სისტემის ძირითადი ფუნქციები, მიზნები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ნაჩვენები იყო სისტემის მუშაობა პრაქტიკაში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო უკვე მეორე წელია ატარებს შესაბამის ღონისძიებებს SOURCE სისტემის საქართველოში დანერგვის მიზნით. შედეგად მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე დაიწყება სისტემის ინტეგრაციის პრაქტიკული სამუშაოები.
SOURCE სისტემის საქართველოში დანერგვის შედეგად ქვეყანაში შეიქმნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გამარტივების, ინფორმაციის მოპოვების, გაცვლისა და გაზიარების შესაძლებლობა და გაჩნდება ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტურობას.
