სააგენტოს ორგანიზებით სხვადასხვა უწყებაში SOURCE პლატფორმის შესახებ პრეზენტაციები მოეწყო

მიმდინარე წლის 1 და 2 მარტს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა უწყებაში SOURCE პლატფორმის შესახებ პრეზენტაციები მოეწყო. SOURCE წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ პლატფორმას, რომელიც იძლევა ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისა და მართვის პროცესის სრულად ელექტრონული გზით წარმართვის შესაძლებლობას. სისტემა უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპის ცენტრალიზაციას და დაინტერესებულ მხარეებს (საჯარო სექტორი, ინვესტორები და ა.შ.) სთავაზობს მოქნილ მექანიზმს, რომელიც ამარტივებს მონაცემების შეყვანას, ანალიზსა და გაცვლას, რაც ინფორმაციის ჰარმონიზაციასა და ინტეგრაციას უწყობს ხელს.
„მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტოფ დოსარპმა, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ჩამოვიდა, ასევე ADB-ის მთავარმა PPP სპეციალისტმა – ალმაზ გალიევმა SOURCE სისტემის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს – მზია გიორგობიანს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს – ზვიად ბარქაიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს – ვახტანგ ცინცაძეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს – მირზა გელაშვილსა და ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელს – შოთა გუნიას.
ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება SOURCE პლატფორმის მიმართ და ნათლად დაინახა ის სარგებელი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სისტემას გააჩნია. პრეზენტაციების ბოლოს დაისვა კითხვები სისტემის უსაფრთხოების, ქართულ კანონმდებლობაზე მორგების, მონაცემების შეყვანის მოქნილობისა და მსგავსი საკითხების შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა მომავალში შეხვედრების გამართვასა და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ SOURCE სისტემის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში, ქვეყანაში შეიქმნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გამარტივების, ინფორმაციის მოპოვების, გაცვლისა და გაზიარების შესაძლებლობა და გაჩნდება ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტურობას.