სააგენტომ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
2023 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) საჯარო და კერძო თანამშრომლობის მეშვიდე სხდომა, რომელზეც მიწვეული იყვნენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე, ნატალია მოწონელიძე და სააგენტოს უფროსი იურიტი, სოფიო ნუცუბიძე. ღონისძიების მიზანი იყო ციფრული და „მწვანე“ ტექნოლოგიების საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროგრამებში გამოყენების შესახებ ცოდნის გაზრდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის ხაზგასმა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტრუმენტების, სახელმძღვანელო წესების, სტანდარტებისა და პროფესიული ზრდის ღონისძიებების ზეგავლენის შეფასება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ UNECE-ის წევრი სახელმწიფოების საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინსტრუმენტზე, ასევე „ხალხისათვის“ და „პლანეტისათვის“ პრინციპების გათვალისწინებაზე პროექტების განხორციელების პროცესში.
ფორუმის დროს, სხდომის თავმჯდომარემ წარმოადგინა საჯარო და კერძო თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურის შეფასებისა და რეიტინგის სისტემის (PIERS) ონლაინპლატფორმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მნიშვნელობას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების პროცესში.
ღონისძიებაზე, მოკლე ინტერვენციის სახით, სიტყვით გამოვიდა სააგენტოს თავმჯდომარე, ნატალია მოწონელიძე. მან ისაუბრა საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე საქართველოში, მადლობა გადაუხადა ევროპის ეკონომიკურ კომისიას სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის და სფეროში სიახლეების მუდმივად დანერგვისთვის, ასევე დადებითად შეაფასა PIERS სისტემა, როგორც ერთ-ერთი მეთოდოლოგია და ხელსაწყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცესის განსახორციელებისათვის.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში დასაქმებულ პირებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისა და სხვადასხვა გამოწვევის პირობებში პრობლემების გადაწყვეტის გზების პოვნის მიზნით.