სააგენტომ ენერგომომსახურებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ შეხვედრა გამართა

დღეს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს GOPA-Intec GmbH-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრა შედგა ევროკავშირისა და KfW-ს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელება.
სააგენტოს უფროსმა ანალიტიკოსმა, ლევან ბატიაშვილმა სტუმრებს გააცნო საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსებული ჩარჩო, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები და ა.შ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე პრეზენტაციის საშუალებით მოისმინეს და იმსჯელეს EPC კონტრაქტებზე, მათ უპირატესობასა და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მისაღები კანონქვემდებარე აქტების პროექტებს.
სააგენტოს უფროსმა ანალიტიკოსმა გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ენერგომომსახურებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრის გამართვის და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.