სააგენტომ ენერგეტიკის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 28 იანვარს, თბილისში გაიხსნა ენერგეტიკის კვირეული, რომელშიც 15 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, განიხილება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რეფორმირების პროცესი, საინვესტიციო ხელშეწყობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.
სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოდან კვირეულს ესწრებიან სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე – ნატალია მოწონელიძე და სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი – ლევან ბატიაშვილი. ენერგეტიკულ საინვესტიციო პროექტებში მთავრობის მხრიდან წახალისებისა და მხარდაჭერის არსებული მექანიზმების შესახებ გამართულ სესიაზე, ნატალია მოწონელიძემ აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ინსტრუმენტის ჩამოყალიბების თაობაზე. მან ვრცლად ისაუბრა ინვესტორებისათვის PPP მექანიზმის უპირატესობაზე, სამართლებრივად გაწერილ პრინციპებსა და კრიტერიუმებზე, ასევე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ფაზებზე და ხაზი გაუსვა PPP ინსტრუმენტით გათვალისწინებულ გარანტიებს სახელმწიფოს მხრიდან. პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებმა რამდენიმე კითხვა დასვეს PPP პროექტების შესახებ, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ენერგეტიკის კვირეული თბილისში 30 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიების დროს დაგეგმილია რამდენიმე პლენარული და პარალელური სესიის გამართვა, ინტერაქტიული განხილვები, შეზღუდული საგამოფენო სივრცის დათვალიერება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ, კვირეულის ბოლოს, დაინტერესებულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ადგილზე მოინახულონ ქართლის ქარის ელექტროსადგური და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური.