სააგენტო SOURCE პლატფორმის იმპლემენტაციის მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობს

26 სექტემბერს თბილისს რამდენიმე დღით საქმიანი ვიზიტით ეწვია „მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდის“ (Sustainable Infrastructure Foundation) ინტეგრაციის ხელმძღვანელი – პედრო ნიკოლაუ, რომელმაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გამართა შეხვედრები.
27 სექტემბერს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში მოეწყო ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა იმსჯელეს SOURCE სისტემის დანერგვის მიმდინარე ეტაპზე. „მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროექტის საჭიროებების შეფასების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ის 2-3 თვეში დასრულდება. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს უფროსი, შოთა გუნია და ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეროვნული პროგრამის ოფიცერი – რატი ანჯაფარიძე. რატი ანჯაფარიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გამოხატა მზადყოფნა მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად. აღსანიშნავია, რომ SOURCE პლატფორმის საქართველოში დანერგვის პროექტი ხორციელდება შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ვიზიტის ფარგლებში, პედრო ნიკოლაუმ სააგენტოსთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა 1-ელ ოქტომბერსაც. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ფაზები, კერძო პარტნიორის მიერ თითოეულ ეტაპზე აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტაცია, კანონით გაწერილი ვადები და ა.შ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ბატიაშვილმა სტუმარს დეტალურად განუმარტა, როგორ უნდა შეიცვალოს და მოერგოს SOURCE პლატფორმა უშუალოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცესს.
აღსანიშნავია, რომ SOURCE სისტემის საქართველოში დანერგვის შედეგად ქვეყანაში შეიქმნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გამარტივების, ინფორმაციის მოპოვების, გაცვლისა და გაზიარების შესაძლებლობა და გაჩნდება ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტურობას, რაც სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის სამოქმედო დოკუმენტის „ხედვა 2020 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ მიზნებს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო მიისწრაფვის გლობალური კავშირის მქონე „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გაცილებით მეტი ადამიანისა და კომპანიის ჩართვისკენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში.