გარეჯის მზის ელექტროსადგური

სტატუსი
პირველი ფაზა
სექტორი
ენერგეტიკა (მზე)
ბიუჯეტი
$ 132.2 მლნ
პერიოდი
25 წელი
პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. პროექტის მიხედვით ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 100 მგვტ., რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 138.8 მლნ.კვტ.სთ ელ. ენერგიის დამატებით წარმოებას. 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის მიერ გენერირებული ელ.ენერგია ეკვივალენტური იქნება ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის ~ 7.33%-ის.
ზოგადად, ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგეტიკული წყაროების სწორი ათვისება, რომლის პოტენციალიც საქართველოში საკმაოდ დიდია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 132.2 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში. ამის გარდა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და გარემოზე დადებითი გავლენის სახით. პროექტის მოქმედების პერიოდში (25 წელი) სახელმწიფო ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით შევა დაახლოებით ~ 1 322 000 აშშ. დოლარი.
მდგრადობის თვალსაზრისით, მზის ელექტროსადგურები ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ამასთან, განახლებადი ენერგიის წყაროა. აღნიშნულს კი დადებითი გავლენა აქვს, როგორც ქვეყნის ჯანსაღ/სწორ ეკონომიკურ განვითარებაზე, (ქვეყანაში არარსებულ მადნეულზე დამოკიდებული ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი ზეწოლაა ეკონომიკის განვითარებისთვის), ისე საზოგადოების ჯანმრთელობაზე.
პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს განვითარების რამდენიმე მიზნის მიღწევას, მათ შორის: სიღარიბის დაძლევა, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სამუშაო ადგილები. პროექტზე, როგორც
მშენებლობის, ასევე ოპერირების სტადიაზე დასაქმებული იქნებიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, რაც ხელს შეუწყობს ლოკალური ეკონომიკისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებას.