PPP სააგენტოსა და კურორტების განვითარების სააგენტოს შორის შეხვედრა გაიმართა
2024 წლის 18 ივლისს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანი იყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარება და გათვალისწინება კურორტების განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ბატიაშვილმა სტუმრებს განუმარტა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების პროცესი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის კრიტერიუმები, პროექტის შემუშავებისა და განხორციელების კანონით განსაზღვრული ფაზები, კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის სქემები და ა.შ. ლევან ბატიაშვილი სტუმრებს ასევე ესაუბრა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს როლსა და კომპეტენციის ფარგლებზე.
მხარეებმა ისაუბრეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს პოტენციურ საკონსულტაციო როლზეც კურორტების განვითარების ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში. მათ ასევე განიხილეს საკურორტო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტრუმენტის გამოყენების გზით და იმსჯელეს ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვის პოტენციალზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მომავალში ისევ გაიმართება მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრები.