PPP პროექტის დაფინანსების, ფინანსური მოდელირებისა და სამართლებრივ საკითხებზე პირველი ტრენინგი გაიმართა

დღეს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური დახმარებით, საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგების სერია დაიწყო, რომელიც ეძღვნება ინფრასტრუქტურულ, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის, პროექტებს.
ტრენინგს უძღვებიან სფეროს ისეთი გამოცდილი ექსპერტები, როგორებიცაა: ბრუნო კაზალეტი, ალექსეი ზვერევი, ალექსანდრე დოლგოვი და კრის შუგარტი. სწავლების დროს მონაწილეები მსოფლიოს მოწინავე პროფესიონალებისგან მოისმენენ პროექტის განვითარების ყველა ეტაპისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის პროექტის დაფინანსების, ფინანსური მოდელირებისა და იურიდიული თავისებურებების შესახებ, რაც ფუნდამენტურად აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურული პროექტის სტრუქტურის შესაქმნელად.
4-დღიანი ტრენინგის განმავლობაში ექსპერტები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მოდელი, მისი გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები; საჯარო და კერძო თანამშრომლობა საქართველოში; პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები: რისკები, ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმი; საჯარო პარტნიორისა და მთავრობის მონაწილეობა PPP პროექტის დაფინანსებაში; PPP პროექტის ფინანსური მოდელი და სტრუქტურა; PPP პროექტის დაფინანსებისთვის აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები საქართველოში; PPP პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებული შეზღუდვები; PPP პროექტის იდენტიფიცირება და ინიცირება საქართველოში; PPP პროექტის დაფინანსების სახელმწიფოს მხრიდან არსებული მხარდაჭერის მექანიზმები; ფისკალური რისკის შეფასება; PPP პროექტის მომზადება და მოწონება; კერძო პარტნიორის შერჩევა; საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ფინანსური ასპექტები.
ტრენინგებს ესწრებიან სხვადასხვა უწყების, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობასაც მოიცავს.