რა არის PPP?
საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) საერთაშორისოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს. PPP Knowledge Lab საჯარო და კერძო თანამშრომლობას განმარტავს, როგორც „საჯარო აქტივისა თუ მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ კერძო მხარესა და სახელმწიფოს შორის გრძელვადიან შეთანხმებას, რომელშიც კერძო მხარე თავის თავზე იღებს მნიშვნელოვან რისკსა და პასუხისმგებლობას პროექტის მართვაზე და ანაზღაურება დაკავშირებულია შესრულებასთან”. თუმცა, ყველა ქვეყანა საჯარო და კერძო თანამშრომლობას განმარტავს თავისი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე.
PPP ხელშეკრულებების უმრავლესობა იდება 20-დან 30 წლამდე ვადით, ზოგი უფრო მოკლე პერიოდით, ძალიან მცირე რაოდენობა კი – 30 წელზე მეტი დროით. ვადა ყოველთვის საკმარისი ხანგრძლივობის უნდა იყოს, რომ კერძო პარტნიორს ჰქონდეს სტიმული/ინტერესი სერვისის მიწოდების ხარჯები პროექტის დაგეგმვის ეტაპის დროს გაითვალისწინოს. კონტრაქტის ზუსტი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის ტიპზე და საქმიანობის/პოლიტიკის მიმართულებაზე.
PPP პროექტით გათვალისწინებული ფუნქციების – დაგეგმვა, აშენება, დაფინანსება, ოპერირება, ტექნიკური მომსახურება – კერძო მხარისათვის გადანაწილება, შესაძლოა, განსხვავებული იყოს სხვადასხვა კონტრაქტის პირობებში. მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევაში, კერძო პარტნიორი პასუხისმგებელია პროექტის შესრულებაზე და იღებს მნიშვნელოვან რისკსა და ვალდებულებას პროექტის მართვაზე. როგორც წესი, PPP კონტრაქტები რისკს ანაწილებენ იმ მხარეზე, რომელსაც უკეთესად შეუძლია მისი მართვა – რისკის კერძო პარტნიორზე გადანაწილება არ წარმოადგენს მიზანს, მაგრამ ეს ხელს უწყობს მართვაზე პასუხისმგებლობის სრულ გადაცემასა და კერძო და საჯარო ინტერესების ერთმანეთთან შესაბამისობას.
ტერმინი „ინფრასტრუქტურა“, ჩვეულებისამებრ, გამოიყენება სხვადასხვა სექტორისა და მომსახურების აღსანიშნად. ამ კონტექსტში, ინფრასტრუქტურა გულისხმობს ეკონომიკურ, სოციალურ და სამთავრობო ინფრასტრუქტურას, რაც წარმოადგენს ძირითად ფიზიკურ და ორგანიზაციულ სტრუქტურებს, რომლებიც, საჭიროა ეკონომიკური, სოციალური და სამთავრობო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, PPP არის მთავრობის მექანიზმი შეისყიდოს და განახორციელოს საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები ან/და სერვისები კერძო სექტორის რესურსებისა და ცოდნის გამოყენებით. მაშინ როდესაც სახელმწიფო დგას არსებული ინფრასტრუქტურის დაძველების გამოწვევისა და ახალი ეფექტიანი მომსახურების უზურველყოფის საჭიროების წინაშე, კერძო სექტორთან პარტნიორობას შეუძლია, ხელი შეუწყოს პრობლემების გადაჭრის უკეთესი გზების პოვნას და ფინანსების მოზიდვას.
დღეს, დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ელექტროენერგიის გარეშე, 2.2 მილიარდ ადამიანს კი უსაფრთხო სასმელი წყალი არ მიეწოდება გამართული სერვისით. გადაჭედილი და შეუსაბამო მოცულობის პორტები, აეროპორტები და გზატკეცილები დაბრკოლებას ქმნის ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობისათვის. ასეთ რეალობაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP), შესაძლებელია, გახდეს მექანიზმი ხალხისათვის უკეთესი ინფრასტრუქტურული სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. დაბალანსებულ მარეგულირებელ გარემოში კარგი დაგეგმვისა და სწორად განხორციელების შემთხვევაში, PPP-ს შეუძლია მეტი ეფექტიანობა და მდგრადობა შესძინოს საჯარო მომსახურების უზრუნველყოფას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაცია, წყალმომარაგება, ჯანდაცვა და განათლება. PPP აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის შესაძლებლობებსა და რესურსებს და ამასთანავე ისინი ინაწილებენ რისკებსა და პასუხისმგებლობას. ეს მთავრობას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს კერძო სექტორის ცოდნა და მეტი ყურადღება დაუთმოს პოლიტიკის და რეგულაციების შემუშავებასა და დაგეგმვას ყოველდღიური საქმიანობის დელეგირების გზით.
წარმატებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის მისაღწევად კი აუცილებელია განვითარების გრძელვადიანი მიზნებისა და რისკების განაწილების ზუსტი ანალიზი. ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, ასევე, უნდა აძლიერებდეს სერვისის მიწოდების ამ ახალ მოდელს და უზრუნველყოფდეს PPP-ს ეფექტიანი მართვისა და მონიტორინგის მექანიზმების არსებობას.