ბიზნესგარემო
ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტი – 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) საინვესტიციო ხელშეკრულება.
ანაკლიის პორტის 2018 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით, გრძელვადიანი აქტივების მიმდინარე ღირებულება შეადგენს 169.705.000 ლარს. შესაბამისად, IPSAS სტანდარტით განსაზღვრული მეთოდოლოგიით, ანაკლიის პორტიდან მომდინარე ვალდებულება შეადგენს 169.705.000 ლარს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი – პროექტი მოიცავს კერძო პარტნიორის, TAV ურბან საქართველოს მიერ თბილისის აეროპორტის იჯარით აღებას, მის განვითარებას, საჭირო აღჭურვილობის შეძენასა და ნაგებობების აშენებას. 2027 წლამდე კერძო პარტნიორი განახორციელებს აეროპორტის სრულად მართვასა და მოვლა-პატრონობას. 2027 წლიდან აეროპორტი მთლიანად უსასყიდლოდ გადავა სახელმწიფოს მფლობელობაში.
ხელშეკრულების მხარეები არიან TAV ურბან საქართველო და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“. TAV ურბან საქართველო პასუხს აგებს თბილისის აეროპორტის მართვასა და განვითარებაზე, ხოლო შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ევალება მასზე ზედამხედველობა და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი დახმარება.
პირველადი ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2005 წლის 6 სექტემბერს. TAV-ის მიერ ახალი ტერმინალის აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა 2007 წლის თებერვალში.
დღეისათვის ოპერატორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები მოიცავს: რამდენიმე ტერმინალის აშენებას, ავტოსადგომის მოწყობას, ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკის და ბაქნების რეაბილიტაციებს.
შპს „ტავ ურბან საქართველოს“ აუდირებულ ანგარიშგების მიხედვით აქტივი „აეროპორტის მართვის უფლება“, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შეფასებულია 194.298.000 ლარად. აქტივის ამორტიზაციას ოპერატორი ახდენს წრფივი მეთოდით. აქედან გამომდინარე, მიმდინარე მდგომარეობით, IPSAS 32-ის მიხედვით, უნდა ვაღიაროთ 194.298.000 ლარის PPP ვალდებულებები (2019 წლის ბოლოს – 178.106.500 ლარი).
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 2007 წლის 9 აგვისტოს TAV Batumi Operations LLC და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100% წილი 20 წლით სამართავად გადაეცა TAV Batumi Operations LLC-ს. პროექტი აკმაყოფილებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმებს. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ოპერატორს არ განუხორციელებია სათანადო ინვესტიციები და არ შეუქმნია ახალი აქტივები. IPSAS 32-ის მეთოდოლოგიით არ იკვეთება სახელმწიფოს ვალდებულება ოპერატორი კომპანიის მიმართ.