გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წარმომადგენელმა სააგენტოს PPP პროექტების შეფასების სისტემა გააცნო

დღეს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი კლაუდიო მეზა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ესტუმრა და საჯარო და კერძო თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურის შეფასებისა და რეიტინგის სისტემა (PIERS) გააცნო.
კლაუდიო მეზამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეს, ნატალია მოწონელიძესა და თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან ბატიაშვილს წარუდგინა პრეზენტაცია PIERS სისტემის შესახებ და ესაუბრა აღნიშნული პლატფორმის შექმნის მიზნის, მუშაობის, უპირატესობების საკითხებზე. სტუმარმა აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურის შეფასებისა და რეიტინგის სისტემა წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის შეფასების ეფექტურ მეთოდოლოგიას და უზრუნველყოფს, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებმა შექმნან ღირებულება ხალხისათვის და პლანეტისათვის. სისტემა შედგება 22 კრიტერიუმისა და 68 ინდიკატორისგან, აჯამებს შეყვანილ მონაცემებს და პროექტს ანიჭებს საბოლოო ქულას, ასევე მიუთითებს რეკომენდაციებს გაუმჯობესების ღონისძიებებისა და SDG მიზნებთან დაახლოების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად PIERS სისტემა ხელმისაწვდომია ონლაინ, არის უფასო და მსურველებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეფექტური თვითშეფასებისთვის.