ხშირად დასმული კითხვები
-
რა არის საჯარო და კერძო თანამშრომლობა?
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ“ პუნქტის თანახმად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტი არის საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ხორციელდება სამუშაოს შესრულების ან/და საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით“.
-
რა ფუნქციები აქვს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს?
სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ფუნქციები განსაზღვრულია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით. სააგენტოს ფუნქციებია: ა) შესაძლო PPP პროექტების იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; ბ) უფლებამოსილი ორგანოს დახმარება შესაძლო PPP პროექტების იდენტიფიცირებაში; გ) საჭიროებისამებრ, PPP პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, კონსულტანტის დაქირავება; დ)კერძო პარტნიორის დახმარება PPP პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში; ე) უფლებამოსილი ორგანოს დახმარება PPP პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში; ვ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი ორგანოს მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის მუშაობაში; ზ) მცირე PPP პროექტების მართვა; თ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი PPP პროექტის კონცეფციის ბარათის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; ი) PPP პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა რეკომენდაციების მომზადების მიზნით; კ) PPP პროექტების განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა; ლ) PPP ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების და ფორმების შექმნა; მ) PPP მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების შემუშავება; ნ) PPP პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება (ფინანსთა სამინისტროსთან ერთად); ო) PPP პროექტების დეტალური მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა; პ) დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა; ჟ) PPP საკითხებზე ტრენინგების, კონფერენციების, სასწავლო ვიზიტების და ა.შ. ორგანიზება.
-
როგორ შეიძლება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებზე ინფორმაციის მიღება?
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ppp.gov.ge) გამოქვეყნებულია სააგენტოს მიერ განხილული პოტენციური PPP პროექტები, რომელთა აღწერაში მითითებულია ის ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც საჯაროა. პროექტების შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც წარადგენს კონკრეტულ პროექტს. მაგ. ენერგეტიკული პროექტების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. სამინისტროების გარდა უფლებამოსილი ორგანო შეიძლება, იყოს ასევე სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.
-
რომელი პროექტი არის მიმდინარე და რომელი დასრულებული?
სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული, პოტენციური PPP პროექტების აღწერაში მითითებულია ინფორმაცია პროექტის სტატუსის შესახებ. მაგ. თუ მითითებულია „პირველი ფაზა“ ეს ნიშნავს, რომ პროექტი არის იდენტიფიცირებისა და ინიცირების ეტაპზე. პროექტის ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
-
რას ნიშნავს PPP ფაზები?
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების პროცესი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად/ფაზად. ესენია: 1. პროექტის იდენტიფიცირება და ინიცირება; 2. პროექტის მომზადება; 3. კერძო პარტნიორის შერჩევა; 4. პროექტის განხორციელება; 5. პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება. PPP პროცესის ფაზების/ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონში (III თავი); „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილებაში; სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (PPP პროცესის განყოფილებაში); PPP გზამკვლევში (ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე, რესურსების განყოფილებაში).
-
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი, რომ ის საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით განხორციელდეს?
საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმები განსაზღვრულია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლში. ესენია: 1. ხელშეკრულების ვადა – მინიმუმ 5 წელი; 2. პროექტის ღირებულება – სულ მცირე 5 მლნ ლარი; 3. კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა/საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა; 4. საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება; 5. კერძო პარტნიორის მიერ PPP პროექტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად კვალიფიცირებისათვის აუცილებელია ხუთივე პირობის დაკმაყოფილება.
-
რა განსხვავებაა კონცესიასა და არაკონცესიას შორის?
კონცესიური და არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის განმარტებები მოცემულია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში („ა“ და „კ“ პუნქტები). კონცესიის ხელშეკრულება ითვალისწინებს 2 მთავარ პირობას: 1. კონცესიონერის მიერ გაწეული საჯარო მომსახურება პირდაპირ ან ირიბად ანაზღაურდება საბოლოო მომხმარებლის მიერ ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლის მიერ; 2. კონცესიის ხელშეკრულების ფარგლებში, კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს. არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის დროს ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან.
-
როგორ შეიძლება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებებზე ინფორმაციის მიღება?
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო. აქედან გამომდინარე, დაინტერესებულმა პირებმა საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებების თაობაზე უნდა მიმართონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
-
როგორ ხდება კერძო პარტნიორის შერჩევა?
"საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონის IV თავსა და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილების 17-25 მუხლებში აღწერილია კონცესიონერის შერჩევის პროცედურა. გარდა ამისა, "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, კერძო პარტნიორის (კონცესიონერი, კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) შერჩევა შესაძლებელია, განხორციელდეს პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, თუმცა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში.
-
რას გულისხმობს კონცესიონერის დახურული შერჩევის ეტაპი?
კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა შერჩევის პროცესის მონაწილისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებს. დახურული შერჩევის წესის პროცედურა განსაზღვრულია "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტითა და "საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილების 25-ე მუხლით.
-
რას ნიშნავს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი“?
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა დამტკიცებულია "„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N428 დადგენილებით, რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე რესურსების განყოფილებაში.
-
რას ითვალისწინებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მხარდაჭერისა და ანაზღაურების სახეები?
"საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის მხარდაჭერისა და ანაზღაურების სახეები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონცესიას წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის ყველა ის პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს მხარდაჭერის შემდეგ სქემებს: ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები; ბ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილება; გ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილება.
-
სად შეიძლება, გავეცნოთ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ მეტ ინფორმაციას?
საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.ppp.gov.ge რესურსების განყოფილებაში (სამართლებრივი ბაზა, სახელმძღვანელოები).